პირი, რომლის ცხედარიც დღეს თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ, მანქანაში იპოვეს, სიმონ წაქაძეა.

გარდაცვლილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი იყო.

ის ამ სისტემაში 2015 წლიდან მუშაობდა.

„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.

უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას”, – აცხადებენ სუს-ში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ირკვევა, ცხედარი მანქანაში ნახეს, რომელიც სუს-ის შენობის წინ იყო გაჩერებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

“ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდ,ა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ პროკურატურაში.