23-24 იანვრის ღამეს, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის დროს, კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის შენობები დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
ამ ინფორმაციას ნაკრძალის გენერალური დირექტორი, მაქსიმ ოსტაპენკო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინასთან“ კომენტარში ადასტურებს.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის კუთვნილი ობიექტი დაზიანდა. ყოველ ჯერზე ამის უკან მოსკოვი იდგა — ისევე როგორც 1918 წელს; ისევე როგორც 1941 წელს, როდესაც მოსკოვის ბრძანებით მიძინების ტაძარი ააფეთქეს; და ახლა, კვლავ მოსკოვის ბრძანებით, კიევის მიმართულებით ‘შაჰედის’ დრონები და რაკეტები დაფრინავენ, რაც ნგრევას იწვევს, მათ შორის, ამჯერად უკვე კიევ-პეჩერის ლავრაშიც“.
მისივე ცნობით, დაზიანებები აღენიშნება ლავრის #66-ე კორპუსს — მღვიმეების კომპლექსის შესასვლელს და #67-ე კორპუსს — ხარების ეკლესიას.
ოსტაპენკოს განცხადებით, აფეთქების ტალღამ კარ-ფანჯრების ნაწილი ჩაამსხვრია, რამდენიმე ადგილას კი დაზიანდა ნალესი ფენა. მან დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლავრამ საჰაერო აფეთქებისგან პირდაპირი დაზიანება მიიღო. აქამდე ზიანი მხოლოდ ჩამოგდებული ობიექტების ნამსხვრევების გამო იყო გამოწვეული. გენერალურმა დირექტორმა სააგენტოსთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო სეისმური სენსორი არ ამოქმედდა, რის გამოც ძეგლზე აფეთქების სრული ზეგავლენის დადგენა შეუძლებელი გახდა.
