„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ვერ მოხვდა საქართველო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიურ ტურნეში.

„რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის) მარშრუტს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის ორი ქვეყანა. კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი, ჩვენი ინფორმაციით. ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის აზერბაიჯანში და სომხეთში“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი „ძალიან მძიმეა“. ეს კონტექსტი, კობახიძის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა.

კითხვაზე, საქართველო რას აკეთებს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებისთვის, კობახიძე პასუხობს: „ჩვენ მოთმინებით ველოდებით. მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.

„თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა განამტკიცოს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წაწიოს „ტრამპის გზა“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ. ჩვენ გავაძლიერებთ სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან; გვექნება მშვენიერი შეთანხმება სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ, გარიგებები ჩვენი დიდებული ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აშშ-ში წარმოებული თავდაცვითი აღჭურვილობას (როგორიცაა ჯავშანჟილეტები, ნავები და სხვა) მივყიდით აზერბაიჯანს“, — განაცხადა ტრამპმა.