საფრანგეთი აცხადებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში დააკავა ნავთობმზიდი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მოსკოვისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით მოქმედებდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტანკერი, სახელად „გრინჩი“ (Grinch), „ექვემდებარებოდა საერთაშორისო სანქციებს და არსებობდა ეჭვი, რომ ის ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა“.
BBC-ის თანახმად, ხუთშაბათს დილით, მოკავშირეების დახმარებით, საფრანგეთის საზღვაო ძალები ესპანეთსა და მაროკოს შორის მცურავ გემზე ავიდნენ. საფრანგეთის საზღვაო უწყების წარმომადგენელთა თქმით, გემის ჩხრეკამ „დაადასტურა ეჭვები დროშის კანონიერებასთან დაკავშირებით“.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი ტანკერების ფარული ქსელია, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენება.
ოპერაციის შესახებ პლატფორმა X-ზე გამოცხადებისას მაკრონმა განაცხადა: „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და უზრუნველვყოთ სანქციების ეფექტიანი აღსრულება.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის დაფინანსებას“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დაწყებულია გამოძიება, ხოლო გემს „კურსი შეუცვალეს“.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავების მომენტში „გრინჩი“ ჩრდილოეთ რუსეთში მდებარე მურმანსკის არქტიკული პორტიდან მიემგზავრებოდა. გემების ონლაინ თვალთვალის ვებგვერდების, MarineTraffic-ისა და VesselFinder-ის მიხედვით, ხომალდი კომორის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა.
საფრანგეთის საზღვაო პოლიციის ცნობით, ოპერაციაში სხვა ქვეყნების საზღვაო ძალებიც მონაწილეობდნენ. ბრიტანეთის თავდაცვის წყარომ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ჩართულობა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ამ ქმედებას და განაცხადა, რომ ეს არის „სწორედ ისეთი სიმტკიცე, როგორიც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსულმა ნავთობმა აღარ დააფინანსოს პუტინის ომი“.
„გემები უნდა დააკავონ. და განა სამართლიანი არ იქნებოდა ამ ტანკერებით გადატანილი ნავთობის კონფისკაცია და გაყიდვა?“ — დაწერა მან X-ზე.
ხუთშაბათს, უფრო ადრე, დავოსში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა და აღნიშნა: „ევროპას უყვარს მომავალზე მსჯელობა, თუმცა თავს არიდებს მოქმედებას“. მან მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, დააკავონ რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერები, ისე როგორც ამას აშშ აკეთებს კარიბის ზღვაში.
