ახალი ამბები

სუსი ქსელურ მარკეტებში შევიდა

22 იანვარი, 2026 •
სუსი ქსელურ მარკეტებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქსელური მარკეტებში შევიდა და შესყიდვების შესახებ დოკუმენტაცია გამოითხოვა.

როგორც „ნეტგაზეთს“ სუს-ში განუცხადეს, „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიისგან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა გამოძიების ფარგლებში ხდება ქსელური მარკეტების შემოწმება, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება სურსათის ფასებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.

„სუს-ის ანტიკორუფციულიდან იყვნენ მოსულები. მოითხოვეს შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა სახის დოკუმენტაცია და პროგრამული ბაზები. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი. გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. ფასებთან დაკავშირებით რაზეც არის ბოლო პერიოდში საუბარი, მაგას ვუკავშირებთ“, — განუცხადა „ტვ პირველს“ აგროჰაბის დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა.

„დეილი ჯგუფში“ ასევე განაცხადეს, რომ მათთან შესულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა სამუშაო პროცესი გრძელდება.

განცხადება გაავრცელა „რითეილ ასოციაციამ“, რომლის თანახმადაც, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

„ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით. გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, — ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 21 იანვარს გაიმართა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომა, ქსელური მარკეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.

„როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგებულია.

„საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 45-ია, ავსტრიაში — 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირე მაღალი ფასნამატს და მოგების მაღალი მარჟებს დაუკავშირა. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.

შედეგად, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შეიქმნა სამთავრობო კომისია და დაანონსდა პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი