იმერეთში პოლიციელებმა ერთ-ერთ რესტორანში რუსული სიმღერის, შუპუტინსკის „უტკის“ გამო იჩხუბეს.
ამის შესახებ „ტვ პირველს“ თვითმხილველმა განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციელთა ერთ ნაწილს „უტკის“ მოსმენა უნდოდა, მეორეს კი არა.
„ერთმანეთში წაკამათდნენ მუსიკასთან, „უტკისთან“ დაკავშირებით“, – აცხადებს თვითმხილველი.
პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის თანახმად, 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
„საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეო-ჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობას გულისხმობს.








