აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებმა განაცხადეს კარიბის ზღვაში ნავთობმზიდ „საგიტას“ (Sagitta) დაკავების შესახებ, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.
„დღეს დილით აშშ-ის სამხედრო ძალებმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდაჭერით, გემი „საგიტა“ ინციდენტის გარეშე დააკავეს.
კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ კარიბის ზღვაში სანქცირებული გემებისთვის დაწესებული კარანტინის დარღვევით მოქმედებდა, აჩვენებს ჩვენს სიმტკიცეს, უზრუნველვყოთ, რომ ვენესუელიდან მხოლოდ ის ნავთობი გავიდეს, რომელიც სათანადოდ და კანონიერად იქნება შეთანხმებული.“
ვებგვერდის, War&Sanctions-ის თანახმად, „საგიტა“ შეტანილია იმ გემების სიაში, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვას სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ევროკავშირის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ახორციელებენ. ეს გემი პანამის დროში ქვეშ ცურავს.
ეს არ არის პირველი გემი, რომელიც აშშ-მა კარიბის ზღვაში დააკავა ამ მიზეზით. ვენესუელური ნავთობის გადამზიდავი ტანკერების დაკავების შესახებ ამერიკული მხარე პერიოდულად ავრცელებს ცნობებს.
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ (ინგლ. Shadow Fleet) არის ასობით ტანკერისგან შემდგარი არაოფიციალური ქსელი, რომელსაც რუსეთი იყენებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის, რათა გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, G7-ის ქვეყნებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა.შ.), ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი (Price Cap) დააწესეს (მაგალითად, 60 დოლარი ბარელზე). ეს ნიშნავს, რომ დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ან დაზღვევა, თუ ის ამ ფასზე ძვირად იყიდება. რუსეთს სურდა ნავთობის საბაზრო (უფრო მაღალ) ფასად გაყიდვა, ამიტომ მათ შექმნეს ალტერნატიული გზა — „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც არ ექვემდებარება დასავლურ რეგულაციებს.
გემები არ დადიან რუსეთის დროშის ქვეშ. ისინი იყენებენ ისეთი ქვეყნების დროშებს, სადაც რეგულაციები სუსტია. სანქციების თავიდან ასაცილებლად ეს გემები იყენებენ სხვადასხვა ხრიკს: ისინი ხშირად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას (AIS), რათა რადარებმა ვერ დაინახონ, სად იმყოფებიან (მაგალითად, როცა რუსულ პორტებში შედიან). ნავთობს ღია ზღვაში ერთი გემიდან მეორეზე ტვირთავენ, რათა ნავთობის წარმომავლობა (რუსული კვალი) დაიკარგოს და ისე გაიყიდოს მსოფლიო ბაზარზე.








