ახალი ამბები

ლილუაშვილის ახლობელი პოლიციას ჩაბარდა, მისი ძმა გაათავისუფლეს – ადვოკატი

19 იანვარი, 2026 •
ლილუაშვილის ახლობელი პოლიციას ჩაბარდა, მისი ძმა გაათავისუფლეს – ადვოკატი

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო უწყებებს ჩაბარდა, ხოლო მისმა ძმამ, კობა ხუნდაძემ საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველს“ ვლადიმერ ხუნდაძის ადვოკატი, ზურაბ ტაბიძე უდასტურებს. მისი თქმით, კობა ხუნდაძე 1 თვეზე მეტია გაათავისუფლეს.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ვლადიმერ ხუნდაძე დაკავებულია, სხვა დეტალების შესახებ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

კობა და ვლადიმერ ხუნდაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები არიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა.

„როგორც გავიგე, ასე ( თვითონ ჩაბარდა), მისი ძმა გამოუშვეს და ეგ ჩაბარდა. მისი ძმა არ ვიცი, რატომ გამოუშვეს. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს, ეს კი ჩაბარდა. ყველა ადვოკატი ჩამოაშორეს, მათ შორის, მეც მითხრეს, თავი შეიკავეო. ეს მოხდა ერთი თვის, თვე-ნახევრის წინ. მისი ძმა ხომ არის კობა, ის გაუშვეს გირაოთიო და ვლადიმერი კი ჩაბარდაო. ეტყობა, თავის თავზე აიღო. მკურნალობა ჩაიტარა, ოპერაცია ჩაიტარა და მერე, ალბათ, რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, რაღაცაში იყო საქმე და ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა, რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი”, – ამბობს ზურაბ ტაბიძე „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში.

კობა ხუნდაძე, როგორც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, 22 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება ვლადიმერ ხუნდაძეს, მას ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი