ახალი ამბები

აშშ აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

14 იანვარი, 2026 •
აშშ აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

აშშ აჩერებს გაურკვეველი ვადით აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეაჩერებს საიმიგრაციო ვიზების დამუშავებას 75 ქვეყნისთვის, რომელთა მიგრანტებიც აშშ-ის სახელმწიფოსთვის ტვირთად იქცევიან და სოციალურ დახმარებას მიუღებელი მაჩვენებლებით იღებენ.

„შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ დარწმუნდება, რომ ახალი იმიგრანტები ამერიკელი ხალხის სიმდიდრეს არ მიითვისებენ. ეს პაუზა ეხება ათობით ქვეყანას — მათ შორის სომალის, ჰაიტის, ირანსა და ერიტრეას — რომელთა იმიგრანტებიც ჩასვლისთანავე ხშირად აშშ-ისთვის სახელმწიფო ტვირთად იქცევიან. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკელი ხალხის გულუხვობა მომავალში ბოროტად აღარ იყოს გამოყენებული“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Fox News-მა გამოაქვეყნა ქვეყნების სრული სია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგო, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

მანამდე Fox News წერდა, რომ მოიპოვა სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს. Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი.

შეჩერების პროცესი 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე დეპარტამენტი სავიზო პროცედურების გადაფასებას არ დაასრულებს.

2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დეპეშა გაუგზავნა, რომლითაც საკონსულოს თანამშრომლებს დაევალათ, საიმიგრაციო კანონის ე.წ. „საზოგადოებრივი ტვირთის“ დებულების ფარგლებში შემოწმების ახალი, მკაცრი წესები აემოქმედებინათ.

„ინსტრუქცია საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, ვიზაზე უარი უთხრან იმ აპლიკანტებს, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნა, ფინანსური მდგომარეობა და გრძელვადიანი სამედიცინო მზრუნველობის პოტენციური საჭიროება. ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს ხანდაზმული ასაკი ან ჭარბი წონა, ასევე წარსულში სახელმწიფო ფულადი დახმარებით სარგებლობა ან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ყოფნა“, — წერს Fox News და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი ტვირთის“ შესახებ დებულება ათწლეულებია არსებობს, მისი აღსრულება სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული იყო და საკონსულოს თანამშრომლებს სტანდარტის გამოყენებისას ისტორიულად მოქმედების ფართო თავისუფლება ჰქონდათ.

ახალი შეჩერების წესიდან გამონაკლისები იქნება „ძალიან შეზღუდული“ და დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპლიკანტი „საზოგადოებრივი ტვირთის“ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ შემოწმებას გაივლის.

შენიშვნა: თავდაპირველად მასალა მომზადებული იყო Fox News-ის ექსკლუზივზე დაყრდნობით, მოგვიანებით კი განახლდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებითა და ქვეყნების სრული ჩამონათვალით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი