უკრაინის რადის ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის, „ბატკივშინას“ ხელმძღვანელს, იულია ტიმოშენკოს ბრალი წარედგინა.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და ანტიკორუფციული პროკურატურის (SAP) განცხადებით, მას ბრალად ედება რადის დეპუტატებისთვის ქრთამის შეთავაზება კონკრეტული კანონპროექტების მხარის დაჭერის ან წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, რასაც სისტემური სახე ჰქონდა.
ანტიკორუფციული ორგანოების ცნობით, დეპუტატებს უნდა მიეღოთ მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ მიეცათ ხმა, ზოგ შემთხვევაში კი თავი შეეკავებინათ ან საერთოდ არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეთანხმებები ეხებოდა არა მხოლოდ კანონპროექტებს, არამედ საკადრო გადაწყვეტილებებსაც.
„გამოძიების მონაცემებით, მას შემდეგ, რაც 2025 წლის დეკემბერში NABU-მ და SAP-მა გამოავლინეს ფაქტები, როდესაც დეპუტატები კანონპროექტების მხარდაჭერის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ, ეჭვმიტანილმა ცალკეულ დეპუტატებთან დაიწყო მოლაპარაკებები არამართლზომიერი სარგებლის მიცემის სისტემური მექანიზმის შექმნის თაობაზე, რაც კენჭისყრების დროს ლოიალურ ქცევას ითვალისწინებდა. საუბარი იყო არა ერთჯერად შეთანხმებებზე, არამედ თანამშრომლობის რეგულარულ მექანიზმზე, რომელიც წინასწარ გადახდებს მოიცავდა და ხანგრძლივ პერიოდზე იყო გათვლილი“, – აცხადებენ უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებაში.
ანტიკორუფციულმა უწყებებმა ასევე გამოაქვეყნეს ჩხრეკის დროს ამოღებული აშშ დოლარის ამსახველი მასალა.
თავად იულია ტიმოშენკომ მის ოფისში ჩატარებულ ჩხრეკას „გრანდიოზული პიარ-სვლა“ უწოდა. ტიმოშენკის თქმით, ჩხრეკა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩატარდა და ეს იყო „მხოლოდ ხმამაღალი საჯარო განცხადებები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე“.
ტიმოშენკო აცხადებს, რომ ეს არის „არჩევნების წინ კონკურენტების ჩამოცილება“. მისი თქმით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა ოფისის ჩხრეკისას „ვერაფერი იპოვეს“, რის გამოც უბრალოდ წაიღეს მისი „სამუშაო ტელეფონები, საპარლამენტო დოკუმენტები და პირადი დანაზოგი, რომლის შესახებაც ინფორმაცია სრულად არის ასახული ოფიციალურ დეკლარაციაში“.
„კატეგორიულად უარვყოფ ყველა აბსურდულ ბრალდებას. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე გვეგონა. ვიღაცამ გადაწყვიტა კონკურენტების წმენდა დაიწყოს“, — განაცხადა ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, ეს მის წინააღმდეგ მიმართული „პირველი პოლიტიკური შეკვეთა არ არის“.
„დევნა და ტერორი მრავალი წლის განმავლობაში ჩემი ყოველდღიურობაა. დიდი ხანია არაფრის მეშინია, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ საკუთარ თავთან, ხალხთან და უკრაინასთან. ჩემს გატეხვას და შეჩერებას ვერავინ შეძლებს. ამჯერადაც ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ სიმართლეს“, — განაცხადა ტიმოშენკომ.








