თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ტერორიზმში ბრალდებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა დარბაზიდან გააძევა ელისაშვილი, რომელმაც მოსამართლეს სახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მკაცრი რეჟიმის ციხეში დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული სუს-ის უფროს მამუკა მდინარაძის დავალებით. ელისაშვილის თქმით, პატიმრის ბარათით დასაშვები ნივთების შესყიდვის საშუალებას ერთი თვის განმავლობაში არ აძლევდნენ.
„არის ნივთები, რომლის საკანში ქონაც არ შეიძლება. მაგალითად: საპარსი, სარკე და ასე შემდეგ…ეს მესმის, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა. პლასტმასის ტაშტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი საკანში პატიმრისთვის. თან მაქვს უფლება… ერთი თვე პლასტმასის ტაშტის ყიდვის უფლებას არ მაძლევდნენ. უფრო მეტი შეზღუდვა დამიწესეს, არაფორმალური შეზღუდვები, იმიტომ, რომ მძიმე ვითარებაში ვყოფილიყავი. ეტყობა, ეგონათ, რომ დეპრესია დამეწყებოდა და ტირილს დავიწყებდი — ნურას უკაცრავად! მშვენივრად ვგრძნობ თავს. იმ ტაშტს, ოღონდ ნახმარს, აუცილებლად გავუგზავნი მამუკა მდინარაძეს, გავარკვევ, დაბადების დღე როდის აქვს“, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოსამართლემ მას კორექტულობისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ცრუ და ცილისმწამებლური უწოდა ელისაშვილის განცხადებას:
„ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე. ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.
2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.
პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი)“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია ტერორიზმში. მას ედავებიან 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
