ახალი ამბები

გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას ერთი პირი ემსხვერპლა, დაკავებულია ორი მამაკაცი

7 იანვარი, 2026 •
გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას ერთი პირი ემსხვერპლა, დაკავებულია ორი მამაკაცი

შსს-ს ცნობით, ერთი დაიღუპა, ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი დაპირისპირების შედეგად, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოხდა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.

ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ნათვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  7 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი – 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ.

კიდევ სამ პირს , 1999 წელს დაბადებული ს.ა., 1971 წელს დაბადებული ა.მ. და 1996 წელს დაბადებული ე.მ. -ს ბრალს სავარაუდოდ დაუსწრებლად წარუდგენენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი