ახალი ამბები

რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია – კრემერი

16 დეკემბერი, 2025 •
რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია – კრემერი

ევროპარლამენტარის, ტობიას კრემერის განცხადებით, რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია.

მისი თქმით,  დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს ბელარუსში არსებული დიქტატურის გამეორებას.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

„ჩემი განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, მზიას [ამაღლობელსა] და ანდჟეის[პოჩობუტს] ეკუთვნის, მაგრამ ასევე ყველა თქვენგანს, ვინც დღეს აქ ხართ და მათ წარმოადგენთ. ვინაიდან, ვფიქრობ, გარკვეულწილად, თქვენ პატივს მიაგებთ ევროპარლამენტს, ხოლო მზია და ანდჟეი პატივს მიაგებენ ევროპარლამენტს. ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ პრიზით, არ არის მხოლოდ მზიასა და ანდჟეისთვის განსხვავების შექმნა,  ეს არის ნამდვილი განსხვავების შექმნა ქართველებისა და ბელარუსებისთვის, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ყველა თავისუფალი ხალხისთვის. რადგან რასაც ჩვენ აქ ვაჩვენებთ, არის, ერთი მხრივ, ის, რომ  ძალიან ნათლად ვხედავთ, თუ რას წარმოადგენს ეს რეჟიმები, და ვფიქრობ, ამაში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ.

ბელარუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დიქტატურაა, „ქართული ოცნება“ კი ძალიან მკაფიოდ ცდილობს მის გამეორებას. ისინი იყენებენ კამიტს, გაზს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში. რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია.

მაგრამ, ამავე დროს, ის, რასაც მზია და ანდჟეი აჩვენებენ, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ საქართველო და ბელარუსი, ქართველები და ბელარუსები, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ არსებობს განსხვავებული ბელარუსი, არსებობს განსხვავებული საქართველო, არსებობს ხალხი და მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ამაყად დგას და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

ვფიქრობ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რადგან ჩვენ გვაქვს ფუფუნება — ჩვენ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ან უკანონო პატიმრობას. სწორედ ამიტომ, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივცეთ ხმა ქართველებს, ბელარუსებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შეუძლიათ. ამიტომ, ეს არის საამაყო მომენტი, რომ გვყავს ასეთი ძლიერი სახაროვის პრემიის ლაურეატები.  ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ „ჩვენ მათ ვხედავთ, გვესმის მათი და მათ გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.


კამიტი ქიმიური იარაღია, რომელზეც პირველ დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან გავიგეთ — BBC უშვებს, რომ გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ შეიძლება გამოეყენებინათ სწორედ კამიტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროიდან არის ცნობილი.

„ქართულ ოცნებაში“ BBC-ის გამოძიებას უარყოფენ და ბრიტანულ მედიას დეზინფორმატორობასა და ცილისწამებაში სდებენ ბრალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი