წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის – GCRT აღმასრულებელი დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სფეროში ფრანგულ-გერმანული პრემიით დაჯილდოვდა.
აღნიშნული ჯილდო საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ხედვის სიმბოლოა.
როგორც გერმანიის და საფრანგეთის საელჩოების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის- GCRT 25 წელია წამების პრევენციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურშია.
ფრანგულ-გერმანული პრემია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის დარგში 2016 წელს დაარსდა. ის ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც იღვწიან ადამიანის უფლებების დასაცავად, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის ხელშეწყობისთვის, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თვითნებური დაკავებისა და იძულებითი გაუჩინარების, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ასევე დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, სამართლიანობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის სასარგებლოდ.
„ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის დარგში ფრანგულ-გერმანული პრემიის ლაურეატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაში. ამ პრიზით საფრანგეთსა და გერმანიას სურთ გამოხატონ მხარდაჭერა მათი საქმიანობის მიმართ და ურყევი ერთგულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხშირად რთულ ვითარებაში მუშაობენ კანონის უზენაესობის განმტკიცების, ყველაზე დაუცველების დაცვისა და სამართლიანობის ხელშეწყობისთვის.
მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაჯილდოებით ეს პრემია ხაზს უსვამს ადგილობრივი ჩართულობის მნიშვნელობას თავისუფლებების დაცვაში და გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საერთო ბრძოლაა“, – ნათქვამია გერმანიის და საფრანგეთის საელჩოების ერთობლივ პრესრელიზში.
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT 2000 წლის ოქტომბერში დაარსდა, წამების მსხვერპლთა საერთაშორისო რეაბილიტაციის საბჭოს (IRCT) მხარდაჭერით. ორგანიზაციის მიზანია სპეციალიზებული ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების გაწევა მძიმე ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ლელა ცისკარიშვილი დასაწყისიდანვე შეუერთდა ორგანიზაციას, რომელსაც 25- წლიანი ისტორია აქვს. 2005 წლიდან კი მისი აღმასრულებელი დირექტორია.
„ლელა ცისკარიშვილი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია ფსიქოტრავმატოლოგიის დარგში. ის მხარს უჭერს მძიმე დანაშაულის მსხვერპლებს, ტრავმირებულ და მარგინალიზებულ ჯგუფებს, აძლიერებს უფლებადაცვით ჯგუფებს წამების, ომის დანაშაულების, სექსუალური ძალადობის დოკუმენტირებაში. ლელა ცისკარიშვილი არის მედეგობის და მდგრადობის მაგალითი. თავისი ექსპერტიზით მას დიდი როლი მიუძღვის საქართველოსა და რეგიონში ადამიანის უფლებათა კრიზისების დროს დაზარალებული ადამიანებისთვის მხარდაჭერის სისტემების შექმნაში და უფლებადარღვევების დოკუმენტირებაში.
2014 წლიდან დღემდე – ევრომაიდანის საპროტესტო აქციებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლელა ცისკარიშვილი დაუღალავად მუშაობდა უკრაინელ კოლეგებთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად, ადგილობრივი ფსიქოსოციალური დახმარების სერვისების დანერგვასა და განვითარებაში – წამების, ომის, სხვა მძიმე ძალადობრივი გამოცდილების მქონე პირთათვის. აძლიერებდა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს წამების ეფექტური დოკუმენტაციის მეთოდოლოგიის დანერგვაში.
2020 წელს, ბელარუსში გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს დაკავებული და ნაწამები ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური სერვისების დანერგვასა და განვითარებაში, უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხარდაჭერაში.
წლების განმავლობაში წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი მხარს უჭერდა ქართული მართლმსაჯულების სისტემას წამების პრევენციის კუთხით, სისტემაში ტრავმაინფორმირებული და დანაშაულის მსხვერპლზე ორიენტირებული გამოძიების დანერგვის კუთხით. ლელამ წვლილი შეიტანა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ჰუმანური პრაქტიკის, როგორიცაა წინასწარი გათავისუფლების, რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების პილოტირებასა და დანერგვაში.
ეს ჯილდო აღიარებს ლელა ცისკარიშვილის საქმიანობასა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულებას, ასევე, ხაზს უსვამს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ როლს კანონის უზენაესობის შენარჩუნებაში, რომელიც იცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“,- ნათქვამია გერმანიის და საფრანგეთის საელჩოების ერთობლივი პრესრელიზში.
როგორც საელჩოების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, საფრანგეთი და გერმანია კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ საერთო ვალდებულებას, გააგრძელონ ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში.
მათივე განცხადებით, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მხარი დაუჭირონ მათ, ვისი გამბედაობა და მონდომებაც ხელს უწყობს უფრო სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას.








