ახალი ამბები

ცოტა გაუგებარია, რატომ ვიყავი დაბარებული, ძირითადი კითხვები ეხებოდა BBC-თან ინტერვიუს შინაარსს – ონიანი

3 დეკემბერი, 2025 •
ცოტა გაუგებარია, რატომ ვიყავი დაბარებული, ძირითადი კითხვები ეხებოდა BBC-თან ინტერვიუს შინაარსს – ონიანი

საიას იურისტი, თამარ ონიანი, რომელიც BBC-თვის მიცემული ინტერვიუს გამო გამოკითხვაზე დაიბარეს, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შემდეგ ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს.

მისი თქმით, კითხვები BBC-თვის მიცემულ ინტერვიუს შინაარსს შეეხებოდა.

„ცოტა გაუგებარია, საერთოდ რატომ ვიყავი დაბარებული. იმიტომ, რომ ძირითადი კითხვები დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე BBC-ს მივეცი[…] კერძოდ, იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა საშუალებები იქნა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საიამ კეთილსინდისიერად, როგორც პროფესიონალურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ ,საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა აქტიური სპეციალური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რა საშუალებები იქნა გამოყენებული. ამრიგად, საზოგადოებისთვის ეს უცნობია“, – განაცხადა თამარ ონიანმა.

სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ მოქალაქეებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს, ექიმი გოგი ჩახუნაშვილი და მისი ორივე შვილი, პედიატრი ძმები, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, ვინაიდან BBC-ის გამოძიებაში საუბარია  ქართველი ექიმების კვლევაზე, რომლებმაც შეისწავლეს დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს კვლევის სხვა თანაავტორი ექიმები.


პირველ დეკემბერსგ ავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ, BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს შეასხეს ქიმიური იარაღი “კამიტე” – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიება იმავე დღეს გამოაცხადა დეზინფორმაციად, ხოლო სუს-მა, რომელსაც “ოცნების” ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს”. ეს ნიშნავს, რომ სუს-მა BBC სამართლებრივადაც გამოაცხადა “უცხოეთის ორგანიზაციად”, ხოლო მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი – “მტრულ საქმიანობად”.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაც, რაც პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს პროკურატურა ერთი წელია იკვლევს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული, რომელმაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში უფლებამოსილებას გადაამეტა. პარალელურად სპეცრაზმის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით, ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი