მოსკოვში, აშშ-ის დელეგაციასა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ნაპოვნი არ არის.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის მეტად სასარგებლო, კონსტრუქციული და შინაარსიანი საუბარი გაიმართა. უშაკოვმა თქვა, რომ 5-საათიან შეხვედრაზე განიხილეს არა კონკრეტული ფორმულირებები, არამედ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული გეგმის არსი. კერძოდ, უშაკოვის თქმით, თავდაპირველად რუსულ მხარეს გადაეცა 27-პუნქტიანი გეგმა, შემდეგ — კიდევ 4 დოკუმენტი.
„თავიდან იყო ერთი ვარიანტი, შემდეგ ეს ვარიანტი დამუშავდა და ერთი დოკუმენტის ნაცვლად გაჩნდა ოთხი. მეტს უბრალოდ ვერაფერს ვიტყვი“
რაღაცას შეიძლება დავეთანხმოთ და პრეზიდენტმა ეს დაუდასტურა თავის მოსაუბრეებს. რაღაცამ ჩვენში კრიტიკა გამოიწვია და პრეზიდენტი არც მალავდა ჩვენს კრიტიკულ, უარყოფით დამოკიდებულებასაც კი რიგი წინადადებების მიმართ. მაგრამ მთავარია, რომ შედგა მეტად სასარგებლო დისკუსია. კონკრეტულად განიხილებოდა ტერიტორიული პრობლემები, რომელთა გარეშეც ჩვენ ვერ ვხედავთ კრიზისის გადაჭრის გზას. განიხილებოდა ორი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური ურთიერთქმედების უზარმაზარი პერსპექტივები“, — განაცხადა უშაკოვმა.
პუტინის თანაშემწის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტერიტორიებს შეეხება.
„ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტი ნაპოვნი არ არის, მაგრამ ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღებად გამოიყურება, მათი განხილვა საჭიროა. ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც შემოგვთავაზეს, ჩვენთვის მიუღებელია. მუშაობა გაგრძელდება. ეს მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია“, — თქვა უშაკოვმა.
მან არ დააკონკრეტა, რაზე არსებობს თანხმობა და რაზე — წინააღმდეგობა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 დეკემბერს კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და კომპანია Affinity Partners-ის დამფუძნებელი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მიიღო. რუსული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი.
