ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელშიც ეხმიანება 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის წლისთავს და მზია ამაღლობელის ბრძოლას.
„დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა ქართველების აჯანყებიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მათ არჩევნები მოჰპარა.
ხალხი ჯერ კიდევ ქუჩაშია. პოლიტიკური პარტიების რამდენიმე ლიდერი ციხეში ზის. ციხეშია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
დეკემბერში სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე, მზია ამაღლობელსა და პოლონური წარმოშობის ბელარუს ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტს გადაეცემათ ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო, სახაროვის პრემია.
ძალიან მძიმეა საქართველოში მდგომარეობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. სინამდვილეში, სულ უფრო შორს მიდის რუსული მაგალითით სახელმწიფოს მიტაცების პროცესი. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს არასდროს ნდომებია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მოსახლეობის უმეტესობას ეს სურს, ამიტომაც მოახდინა ოლიგარქის ჯიბის პარტიამ მათი სახელებით მანიპულირება.
სულ რაღაც ერთი წლის წინ ივანიშვილის მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ სწრაფვა ევროკავშირისკენ გადაიდო. ახლა კი აცხადებენ, რომ მათ სხვანაირი ევროკავშირი სურთ — მათნაირი. ორბანი საქართველოს ამ მთავრობის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
იყო დრო, მეგონა, რომ უკვე შეუძლებელი იყო, მსგავსი ძვრები ლიეტუვაშიც მომხდარიყო, მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული აღარ ვარ. მზია ამაღლობელის ნათქვამი, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ ჩვენც მოგვემართება“, — წერს რასა იუკნევიჩიანე.
28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებიდან ევროინტეგრაციის გზაზე 2028 წლამდე აღებული პაუზის შესახებ, რასაც ფართომასშტაბიანი და უწყვეტი პროტესტი მოჰყვა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. 19:00 საათზე თბილისში, თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.
