მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია.
პროკურორი ვაჟა თოდუა მათთვის პატიმრობის ვადის გაგრძელების ერთ-ერთ საფუძვლად მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს უთითებდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ პარალელი გაავლო მისი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული.
“გაბრაზებული ვიყავი, ვფიქრობდი, საერთოდ არ მივალ სასამართლოში-მეთქი. მაგრამ ოქმები ინახება, ყველას ტყუილი და სიმართლე ინახება. ვიფიქრე, იქნებ, რა ხდება, იქნებ მოსამართლემ მართლა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
ვინმეს სჯერა, რომ ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ტაქსისტად მუშაობს და მეტი გასაქანი არა აქვს, მოვა თქვენს სამუშაო ოთახში, პროკურორის სამუშაო ოთახში და ფლეშკაზე ჩაწერილ მტკიცებულებას – 13-წამიან ვიდეოს გაანადგურებს, სადაც 45%-ში ვჩანვარ? ნეტავ საათნახევრიანი იყოს, ყველა მხრიდან, რომ მართლა ჩანდეს, რას ვაკეთებდი 4 ოქტომბერს. ვინმეს სჯერა, რომ მე ღარიბაშვილთან და ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედარებით მეტად მოვახდენ ვინმეზე გავლენას?” – განაცხადა ჩხვირკიამ სხდომაზე.
ირაკლი ჩხვირკიას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის [პრეზიდენტის სასახლის] ბლოკირებას ედავება. ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“პროკურორმა იცრუა. თურმე, ირაკლი ჩხვირკია რეზიდენციის ეზოში რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა. დეტალურად მახსოვს ყველაფერი: ვდგავარ ეზოს წინ ასფალტზე. გაზი რომ გაუშვეს, ავიფარე სახეზე ხელი, თვალდახუჭულმა დავინახე სასწრაფოს მანქანის ციმციმი, იქით წავედი, ვიღაცები დამეხმარნენ, წყალი მასხეს თვალებში და სულ ეს იყო იქ ჩემი მოქმედებები. თუ მე დღეს თქვენ მოგატყუებთ, აბსოლუტური ლეგიტიმაცია გაქვთ – მორალური, პიროვნული – რომ ხვალინდელი ჩემი არცერთი სიმართლე არ დაიჯეროთ. როდესაც აღმოვჩნდით პრეზიდენტის რეზიდენციასთან, დავინახე მოგლეჯილი ღობე, ადამიანები გადადი-გადმოდიოდნენ.
პოლიციაში ვიმუშავე, გამომძიებელი ვიყავი, შემოვატანინე საქმის ტომები ციხეში ადვოკატს, მესმის რაღაცები – არ გადავსულვარ ეზოში, არავინ არ დამიზარალებია, ქვა არ მისვრია და არაფერი, ყაველაშვილის დაპატიმრება არ დამიპირებია. აბსოლუტურად გააზრებულად, არანაირ დანაშაულებრივ ქმედებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია”, – თქვა ჩხვირკიამ სხდომაზე.
4 ოქტომბრის საქმეზე 64 ადამიანია დაკავებული. მათი საქმეები 5 ნაწილადაა დაყოფილი.
მათ ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, ნაწილს – ამ ძალადობის ორგანიზებას, ზოგიერთს – სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებას. დაკავებულთა ნაწილს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი.
ამავე თემაზე:








