ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსასამართლომ „აზადლიგის“ ჯარიმა უკანონოდ ცნო – აზერბაიჯანს 29 500 ევროს გადახდა დაეკისრა

26 ნოემბერი, 2025 •
ევროსასამართლომ „აზადლიგის“ ჯარიმა უკანონოდ ცნო – აზერბაიჯანს 29 500 ევროს გადახდა დაეკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ოპოზიციურ გაზეთ „აზადლიგზე“ 2012 წლის პუბლიკაციის გამო დაკისრებული სანქციები იყო გადაჭარბებული და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მთავრობა გაზეთს 29 500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება გაზეთ „აზადლიგის“ სარჩელზე და დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ 2012 წლის 8 აპრილს გამოქვეყნებული მასალის გამო გაზეთზე დაკისრებული სანქციები „გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩარევა“ იყო გამოხატვის თავისუფლებაში (ევროპის კონვენციის მე-10 მუხლი).

დავა უკავშირდებოდა სტატიას, რომელშიც გაზეთი წერდა, რომ ბაქოს მეტროში მგზავრობის საფასურის ზრდის შემდეგ ბარათებზე დარჩენილი 0.05 მანათის ნაშთი ჩამოიწერა და ფაქტობრივად მიითვისა მეტროს ხელმძღვანელობამ. მასალაში ასევე ხაზგასმული იყო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობა მეტროს შემოსავლებსა და ხარჯებზე.

როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, სტატიის გამო ბაქოს მეტროპოლიტენის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, თაღი აჰმედოვმა უჩივლა გაზეთს და 200 000 მანათი მოითხოვა. 2012 წლის სექტემბერში იასამალის სასამართლომ „აზადლიგი“ 30 000 მანათით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ. 2013 წელს გაზეთის საბანკო ანგარიშიც დაყადაღდა, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა და საბოლოოდ, 2016 წელს ბეჭდური გამოცემის დახურვა გამოიწვია.

სარჩელში გაზეთი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზანმიმართულად ანგრევდა გამოცემის ეკონომიკურ საფუძველს. სტრასბურგმა ეს არგუმენტი გაიზიარა და დაადგინა, რომ სასამართლოებმა გაზეთის წინააღმდეგ არათუ არასაკმარისი, არამედ გადაჭარბებული ღონისძიებები გამოიყენეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მთავრობა ვალდებულია „აზადლიგს“ გადაუხადოს

  • 25 000 ევრო მატერიალური ზარალისთვის,

  • 3 000 ევრო მორალური ზარალისთვის,

  • 1 500 ევრო სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისთვის.

ამჟამად „აზადლიგი“ მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოდის და რედაქციის დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ მუშაობს.

როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ევროსასამართლოში, ჩინგიზ ასკეროვი, კომენტარისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი