ახალი ამბები

იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი იზრდება

25 ნოემბერი, 2025 •
იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი იზრდება

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას, რომელიც სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9-დან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი 30%-დან 20%-მდე მცირდება. ადვალური გადასახადი არის გადასახადი, რომელიც გამოიანგარიშება საქონლის, მომსახურების ან აქტივის ღირებულებიდან ფიქსირებული პროცენტით.

ადგილობრივი წარმოების 35 მილიონ კოლოფამდე სიგარეტზე წესდება ფიქსირებულად 1.3 ლარი აქციზი და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი, თუმცა 35 მილიონ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტზე იმპორტირებულის ანალოგიური აქციზი წესდება.

მომხსენებელ შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების სახით.

კანონპროექტის მიხედვით, აქციზი 2026 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი