ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, „სფერო ინვესტმა“ 244 მოქალაქისგან 12 მლნ ლარი მიითვისა

11 ნოემბერი, 2025 •
პროკურატურის ცნობით, „სფერო ინვესტმა“ 244 მოქალაქისგან 12 მლნ ლარი მიითვისა

პროკურატურის განცხადებით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართაც.

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დაკავებულია.

გამოძიების თანახმად, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი — „სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.

„გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის“, აგრეთვე, ე.წ. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები. კერძოდ, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, წულეისკირმა და მურუსიძემ ზემოაღნიშნული ხერხით, 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. ამასთან, ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კანონით გამოცხადდება ძებნა.

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი