ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი: სომხეთში გახშირდა „ჰიბრიდული ომების“ შესახებ განცხადებები

10 ნოემბერი, 2025 •
რუსეთი: სომხეთში გახშირდა „ჰიბრიდული ომების“ შესახებ განცხადებები

2026 წლის ივნისში სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, თითქოს ერევნის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომი“ მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს.

მოსკოვის განცხადებით, მსგავსი შეფასებები ბოლო პერიოდში არაერთმა სომეხმა ოფიციალურმა პირმა და ექსპერტმა გაახმიანა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.

მისი თქმით, „ჰიბრიდული ომის“ კონცეფცია ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა შექმნეს და დღესაც აქტიურად იყენებენ. მოსკოვის განცხადებითვე, ბოლო დროს „კოლექტიურმა დასავლეთმა“ მეზობელ საქართველოში „ჰიბრიდული გავლენის სრული სპექტრი“ კვლავ გამოავლინა და პროცესებში უხეშად ჩაერია,

„მაიდნის სცენარებს“ უწყობდა ხელს, ზეწოლას ახორციელებდა და თბილისს განვითარების დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას უკრძალავდა”.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომა მიუღებელია და მოსკოვი ყოველთვის პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს.

ზახაროვას თქმით, სომხეთში „ჰიბრიდული ომის“ თემა სწორედ იმ ფონზე ჩნდება, როცა ქვეყანაში იმ ადამიანების დევნა მიმდინარეობს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას უჭერენ მხარს.

“რუსეთი მზადაა, სომეხ კოლეგებთან ნებისმიერი შეშფოთების საკითხზე იმსჯელოს როგორც პარლამენტთაშორისი დიალოგის, ისე უწყებათაშორისი კონსულტაციების ფორმატში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთსა და სომხეთს შორის არსებულ საინფორმაციო ფონის დასასტაბილურებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი