მას შემდეგ, რაც ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახალმა პრეზიდენტმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა, უკრაინის რადაში ჩეხეთის დროშა დაკიდეს.

რა ხდება?

ჩეხეთის დეპუტატთა სახლის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან. ოკამურა თავად უჭერდა კიბეს მუშას, რომელმაც დროშა ჩამოხსნა.

“ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა” – ამბობს ოკამურა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით:

“ახლახან ჩამოვახსნევინე უკრაინის დროშა დეპუტატთა პალატის შენობიდან”.

იაპონური წარმოშობის ტომიო ოკამურა არის ჩეხური პოლიტიკური პარტიის, “თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის” ლიდერი. ოკამურა მემარჯვენე, პოპულისტური იდეების მქონე პოლიტიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ.

ის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ სახელმწიფო შენობებზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად აღმართული დროშები უნდა ჩამოხსნილიყო.

რამდენიმე საათის შემდეგ ამავე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა. ფოტოზე მისგან მარცხნივ ჩანს უკრაინის დროშა, მარჯვნივ კი – ჩეხეთის. სტეფანჩუკი წერს, რომ დღეს უკრაინის რადაში ჩეხეთის დროშა ჩეხი ხალხის მიმართ მადლიერების გამოსახატავად აღმართეს.

“დღეს უკრაინის პარლამენტში ჩვენი ეროვნული დროშის გვერდით ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა ფრიალებს.  მადლიერების ნიშნად ჩეხი ხალხისადმი მათი უდიდესი დახმარებისა და უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. უკრაინის, რომელიც კვლავ იტანჯება რუსული აგრესიისგან.

მათი [ჩეხების] თანაგრძნობისთვის.
მათი [ჩეხების] სოლიდარობისთვის.

როგორც მილიონობით უკრაინელს, მეც არასდროს დამავიწყდება თავშესაფარი და დაცვა, რომელსაც გულუხვად სთავაზობდა ჩეხი ხალხი ჩვენს მოქალაქეებს”, – წერს სტეფანჩუკი.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს ჩეხეთში, ვინც დღემდე უჭერს მხარს უკრაინას. ამავე პოსტში გაიხსენა რუსეთის როლი ჩეხოსლოვაკიის დაშლაში და 1968 წლის პრაღის გაზაფხული, ასევე, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სიტყვები: “რუსეთმა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ იცის, სად არის მისი საზღვრები”.

სტეფანჩუკი წერს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჰაველის სიტყვები რუსეთის იმპერიული მიზნების შესახებ და პასუხისმგებლები ვიყოთ საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებსა და მომავალზე.

ამავე თემაზე: