4 ნოემბერს ჩატარებულ ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ზორან მამდანიმ გაიმარჯვა.
ამერიკის ისტორიაში ზორან მამდანი პირველი სამხრეთაზიელი და პირველი მუსლიმია, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა. ასევე, 34 წლის მამდანი ბოლო ასწლეულში ყველაზე ახალგაზრდა მერია.
CBS News-ის ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, მამდანიმ ხმების 50.4% მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენდრიუ კუომომ -41.6%, რესპუბლიკელმა კურტის სლივამ კი- 7%.
„პოლიტიკური სიბნელის ამ მომენტში ნიუ-იორკი იქნება სინათლე“,- განაცხადა ზორან მამდანიმ გამარჯვების შემდეგ ბრუკლინში.
ზორან მამდანის გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე PBS-თან ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტი, მამდანის გამარჯვების შემთხვევაში, ნიუ-იორკში ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაიმუქრა.
„ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული იქნება ნიუ-იორკისთვის დიდი თანხის მიცემა. რადგან თუ ნიუ-იორკს კომუნისტი მართავს, თქვენ მხოლოდ იქ გაგზავნილ ფულს ტყუილად ხარჯავთ“, – თქვა პრეზიდენტმა ინტერვიუში.
ამერიკის პრეზიდენტი ენდრიუ კუომოს კანდიდატურას უჭერდა მხარს და ნიუ-იორკის მოსახლეობას მოუწოდებდა კუომოს მხარდაჭერისკენ.
პრეზიდენტის განცხადებას მამდანი ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არ აშინებს დონალდ ტრამპის მუქარა.
“პრეზიდენტის არ შემეშინდება, არავის შემეშინდება, რადგან ჩემი საქმეა ამ ქალაქის მოსახლეობის მსახურება”,- განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზორან მამდანიმ.
ავტორი: ნინა სიგუა








