ახალი ამბები

პენიტენციური: ზინოვკინა სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს

3 ნოემბერი, 2025 •
პენიტენციური: ზინოვკინა სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ირწმუნება, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს.

„მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა განთავსებულია №5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და იგი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. სასჯელის მოხდის პერიოდში მას ჩაუტარდა სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და რეკომენდებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, მათ შორის მაღალტექნოლოგიური, კვლევები როგორც დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

ამასთან, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა კონსულტირებულია რეაბილიტოლოგის მიერ და ჩატარებული აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ვარჯიშები.

დამატებით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებული ნევროლოგის კონსულტაციის შედეგად მწვავე ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ანასტასია ზინოვკინას მეუღლის, ასევე პატიმრის, არტემ გრიბულის შიმშილობას. უწყებაში აცხადებენ, რომ გრიბულმა შიმშილობა შეწყვიტა.

„არტემ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა 2025 წლის 31 ოქტომბერს, 12:30 საათზე, და შეწყვიტა 2025 წლის 2 ნოემბერს, 12:20 საათზე. საერთო ჯამში, მსჯავრდებულს საკვები არ მიუღია 47 საათისა და 50 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა განაახლა საკვების სრულყოფილად მიღება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ რუსმა პოლიტპატიმარმა, ანასტასია ზინოვკინამ, რომელიც რუსთავის #5 ციხეში იმყოფება, თავის ნაცნობთან (ალიონა ზაიცევა) დარეკა და უთხრა, რომ გუშინ საკანში აგდებულად მოეპყრნენ.

ალიონა ზაიცევას ცნობით, ანასტია ზინოვკინას ზურგის სერიოზული პრობლემები აქვს, მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ არ მკურნალობენ. მისივე ინფორმაციით, ანასტასია ზინოვკინას არ აძლევენ არც ორთოპედიულ მატრასს და არც ბალიშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი