ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება რეპრესიული რეჟიმის გამყარებას წარმოადგენს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა საქართველოში ყოველდღიური დაკავებების და შალვა პაპუაშვილის ბრალდებების შესახებ „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
„საუკეთესო იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარკეში ჩაიხედავენ და თვალს გაუსწორებენ რეალობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენი ქცევის წესში, არ გაქვთ თქვენი ოპონენტების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების საჭიროება“, — განაცხადა ჰიპერმა.
მისი თქმით, ევროკავშირი წინააღმდეგია ძალადობის ყველა ფორმისა. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ევროკავშირის ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დააკისრა.







