ახალი ამბები

30 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

31 ოქტომბერი, 2025 •
30 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

გრძელდება მოქალაქეების დაკავების სერია “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონის შემდეგ, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის პატიმრობას ითვალისწინებს. გუშინ, 30 ოქტომბრის ღამეს რუსთაველზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი იოსებ ხეოშვილია – 52 წლის კაცი შშმ პირის სტატუსით, რომელიც 1 კვირის წინაც დააკავეს. საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაჯდომამდე მან მოასწრო ჟურნალისტისთვის ეთქვა, რომ აკავებდნენ. თუმცა არ იცოდა მიზეზი – თქვა, რომ არ განუმარტავთ. პოლიციელებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ხეოშვილი იდენტიფიცირების მიზნით გადაჰყავდათ განყოფილებაში.

სინამდვილეში, კანონი მსგავს საპოლიციო მოქმედებას არ ცნობს. ბოლო პერიოდში, დამკვიდრდა მოქალაქეების პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის პრაქტიკა ფორმალური დაკავების გარეშე – პოლიციელები ამბობენ, რომ მათ არ აკავებენ, თუმცა არც არჩევანის საშუალებას აძლევენ და ფაქტობრივად ძალით მიჰყავთ.

იოსებ ხეოშვილი 22 ოქტომბერსაც დააკავეს. მაშინ პირდაპირ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან წაიყვანეს. დაკავების დროს მას ფეხსაცმელი გასძვრა. ამბობს, რომ პოლიციელებმა არ მისცეს ფეხსაცმლის აღების შესაძლებლობა, არ დაუჯერეს, რომ შშმ პირი იყო, არ გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე ფეხშიშველმა გაატარა. მე-2 დღეს, 23 ოქტომბერს გაიმართა მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომა, რომელზეც  მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილება არ გამოაცხადა და პროცესი გადადო.

კიდევ ერთი დაკავებულია ზაზა ბროლაძე. ის ათამდე პოლიციელმა თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა, რამდენიმეწუთიანი გასაუბრებისა და ზედაპირული დათვალიერების შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს.

ზაზა ბროლაძე საკონსულტაციო სააგენტო PMCG-ის სამეურვეო საბჭოს წევრია. 2013 წელს იყო თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მოადგილე.

აქტივისტ ნათია გაბრავასა და პარტია “ახალის” წევრის, იურისტ მარიკა არევაძის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს დაკავებულებს შორის არიან თორნიკე ტიკარაძე და კახა ჯაფარიძეც.

არევაძის ცნობით, ოთხივე მათგანი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. სავარაუდოა, რომ მათი სასამართლო სხდომები დღესვე გაიმართება.

გასული კვირის განმავლობაში აქციაზე 70-მდე ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტების დაკავებას, ფაქტობრივად, ყოველდღიური სახე აქვს.

ამავე თემაზე:

რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია ზედაპირული დათვალიერების ან იდენტიფიკაციისთვის გვაჩერებს 

მასალების გადაბეჭდვის წესი