სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სომხეთის გადაწყვეტილებაზე, მიეღო კანონი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„მე ვერ ვისაუბრებ აზერბაიჯანის სახელით, ეს არ იქნებოდა კორექტული, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში წევრობის შესახებ. ეს ნათელი მაგალითია ჩვენი მისწრაფებებისა და ამბიციების“, – თქვა ფაშინიანმა პარიზის მე-8 მშვიდობის ფორუმის დისკუსიაზე, სახელწოდებით „ლიდერობის გზაჯვარედინი“, კითხვის საპასუხოდ, “შეიძლებოდა თუ არა აზერბაიჯანთან შეთანხმება გამხდარიყო სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი”.
ფაშინიანის თქმით, ეს საკითხი ნაწილობრივ უკავშირდება რეგიონის სხვა ქვეყნის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს:
„სომხეთში ამ კანონის მიღება შესაძლებელი გახდა სწორედ იმიტომ, რომ ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. არ ვიცი, ეს გეოგრაფიული საკითხიცაა, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის“ ,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.








