საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტ ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტების ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის ასაკრძალად.
„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა და მმართველ უმრავლესობას მოუწოდეს, გადახედოს თავის საჩივარს და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას მოითხოვს.
ესენია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
- „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
- „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
„ოცნება“ აანონსებს სხვა, პატარა პარტიების აკრძალვასაც, თუ ისინი „რეალურ გავლენას“ შეიძენენ.








