ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2026 წელი გადამწყვეტი იქნება მშვიდობისთვის։ ფაშინიანი

27 ოქტომბერი, 2025 •
2026 წელი გადამწყვეტი იქნება მშვიდობისთვის։ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ელოდება, რომ სომხეთის მოსახლეობა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარს მშვიდობას დაუჭერს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი.

„2026 წელი გადამწყვეტი იქნება მშვიდობისთვის, რადგან ივნისში ჩატარდება რიგითი საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებს ერთი მთავარი კითხვა ექნება, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს: სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობამ თავისი არჩევანით უნდა დაიცვას მშვიდობა. ეს არის მოახლოებული არჩევნების მთავარი პოლიტიკური შინაარსი და მიზანი. საპირისპირო შემთხვევაში სომხეთი დაბრუნდება კონფლიქტისკენ. მშვიდობის დაცვით სომხეთის მოსახლეობა დაიცავს თავისი დამოუკიდებლობის ამ ახალ დონეს, თავის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში წინასწარ მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შემდეგ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი