“ძლიერი საქართველო-ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და მოითხოვს “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას.
“ძლიერი საქართველო-ლელოს განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართული.
ამ დროისთვის “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე, ბათუმში იმყოფება, ბოლო სამართლებრივ დეტალებს გადის ადგილობრივ გუნდთან ერთად და 15:00 საათისთვის პარტიის სარჩელი საკონსტიტუციოში შევა.
“ძლიერი საქართველო-ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს.
“აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.
გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
“ქართული ოცნება” აპირებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, ხოლო კონკრეტული პირებისთვის – პოლიტიკაში საქმიანობის უფლების შეზღუდვას. ისინი ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.








