ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ წარდგენილ განათლების რეფორმას.
როგორც ილიაუნის განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია განათლების რეფორმის განსაზღვრა ფართო საზოგადოების კონსენსუსის გარეშე.
ილიაუნის განცხადებაში მოთხოვნილია, რომ შეწყდეს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და გაიხსნას განათლების რეფორმის საკითხებზე ინკლუზიური დიალოგის პროცესი.
„23 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური პერსონალის საერთო კრება, რომელმაც განიხილა განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფცია.
შეხვედრაზე იმსჯელეს კონცეფციის გეგმის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეებისა და საგანგაშო შედეგების შესახებ. აკადემიურ პერსონალთან შეთანხმებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა საჯარო მიმართვის ტექსტი:
„ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, საგანმანათლებლო სფეროს გულშემატკივრები, არ ვეთანხმებით უმაღლესი განათლების რეფორმის შემოთავაზებულ კონცეფციას, ვინაიდან:
ა) ის არ შემუშავებულა და არ განხილულა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან;
ბ) შემოთავაზებული გეგმა ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პრინციპებს;
გ) გეგმის განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს, მათ შორის მკვეთრად გააუარესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს, დრამატულად შეამცირებს უმაღლესი განათლების ადგილს და როლს საზოგადოებრივ ქსოვილში, გამოიწვევს საქართველოს იზოლირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრციდან, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობის, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს. სწორედ განათლების სფეროს „კარგად წარმართვაზეა დამოკიდებული არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავლის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება“ (ილია).
დაუშვებელია განათლების, ამ მართლაც მთავარი ეროვნული ამოცანის, განსაზღვრა ფართო საზოგადოების კონსენსუსის გარეშე. საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, მხარეების ჩართულობით შექმნას პროფესიონალთა ფართო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და განსახილველად წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეფორმის ხედვას.
მოვითხოვთ, შეწყდეს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და გაიხსნას განათლების რეფორმის საკითხებზე ინკლუზიური დიალოგის პროცესი, რომელშიც წამყვან როლს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები შეასრულებენ!
გვწამს, რომ საერთო ძალისხმევით, აკადემიური სიმტკიცითა და გონიერებით დავიცავთ ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის, ილია ჭავჭავაძისეულ და ივანე ჯავახიშვილისეულ გზას“, – ნათქვამია ილიაუნის განცხადებაში.








