პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში შესვლას აპირებენ.
ამის შესახებ პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
როგორც გახარიას პარტიაში ამბობენ, პარლამენტის ბოიკოტმა და მანდატებზე უარის თქმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია ვერ შეძლო.
„პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, „ოცნებას“ შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა.
ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა. ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე, მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას[…]
ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები, მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის „ოცნებას“ და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა იმის გამო, რომ პარტიის წევრები პარლამენტში არ შევიდნენ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეულ 12 წევრს გაცდენების გამო მანდატები გაუუქმა და მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, „ოცნებამ“ ცნო გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის უფლებამოსილება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და საარჩევნო სიებიც ჩახსნეს. გახარიას პარტიას, ბარიერგადალახული სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.








