ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი ეხმაურება  სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელის წარდგენას და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოწუოდებს.

კუპრაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე. 2024 წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის კუპრაშვილი ამ პლატფორმის სამოქალაქო საზოგადოების პრემიის მფლობელი გახდა.

“სასამართლო სხდომაზე მზიამ ფურცელზე დაწერა- “იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის”, შემდეგ ფურცელი გვაჩვენა, თან ხელში ეჭირა მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. ახლა მე გავიმეორებ ამ ჟესტს და მოწოდებას: “იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის”

თუმცა ეს არ უნდა დარჩეს როგორც მხოლოდ სლოგანი, ან განცხადების ერთი სტრიქონი – ბრძოლა უნდა გულისხმობდეს კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ ქმედებას: მიზნობრივ დიპლომატიურ ზეწოლას, გარანტირებულ იურიდიულ და სამედიცინო ხელმისაწვდომობას, მედიის მუდმივ გაძლიერებას და პრაქტიკულ მხარდაჭერას საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. იმოქმედეთ მტკიცედ – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ნაყოფიერი მეთოდებით”, – ამბობს კუპრაშვილი.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კუპრაშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ტერმინს “დემოკრატიის უკუსვლა” რომელსაც ხშირად იყენებენ დასავლეთში საქართველოში მიმდინარე სიტუაციის აღსაწერად. კუპრაშვილი ამბობს, რომ ქართული დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა, თუმცა “თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლა ყოველდღიურად გრძელდება და ჯერ არავინ დანებებულა”.

23 სექტემბერს ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე მზია ამაღლობელი  სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს. ამ პრემიაზე მზია ამაღლობელი 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა.

სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი, ხოლო წლის ბოლოს, დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაირკვევა, ვის გადაეცემა წელს პრემია.

ამავე თემაზე: