ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილი სენატორ ჯინ შაჰინს ბაქოს იზოლატორიდან

14 ოქტომბერი, 2025 •
დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილი სენატორ ჯინ შაჰინს ბაქოს იზოლატორიდან

აზერბაიაჯნში „Meydan TV-ის საქმის“ ფარგლებში დაპატიმრებული ჟურნალისტი ულვია გულიევა (ალი) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ ჯინ შაჰინს (Jeanne Shaheen) იზოლატორიდან წერილით მიმართავს.


„სალამი, პატივცემულო ჯინ შაჰინ!

პირველ რიგში, გიხდით მადლობას თქვენი ყურადღებისთვის!

დღეს ჩემი დაბადების დღეა, თუმცა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ცრუ ბრალდებების გამო იძულებული ვარ ის გავატარო რკინის ბადეების მიღმა – არა თავისუფლებაში და არა ოჯახის წევრებთან ერთად.

რა თქმა უნდა, როცა სიმართლისთვის ბრძოლის გზას დავადექით და ჟურნალისტიკის პროფესიულ ეთიკას მივყვებოდით, ვიცოდით, რომ სირთულეებს შევეჯახებოდით და მზადაც ვიყავით ამისთვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ და მიუხედავად ტანჯვისა, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ.

სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიოში ეკონომიკური ინტერესები ადამიანის უფლებებზე უფრო პრიორიტეტულად ითვლება. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ადამიანის უფლებების თემა დიდი ხანია ვაჭრობის საგნად იქცა. ისინი, ვინც ომებს იწყებენ და ათასობით ადამიანის სიკვდილს იწვევენ, არ ერიდებიან, საკუთარი თავი „მშვიდობის მომტანებად“ გამოაცხადონ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი ომი მსოფლიოს უფრო ავტორიტარულად აქცევს და ძალაუფლებისმოყვარე, ექსპლუატატორ ქვეყნებს აძლევს ბატონობის უფლებას.

გმადლობ, რომ მათ შორის არ ხართ, ვინც ადამიანის უფლებებს საკუთარი ფარისევლობისთვის იყენებს. ვიმედოვნებ, დადგება დღე, როცა სიმართლე და ნამდვილი სამართლიანობა გაიმარჯვებს.

პატივისცემით,
ულვია ალი

13.10.2025, ბაქოს საგამოძიებო იზოლატორი

ულვია ალი უკვე მეთერთმეტე ჟურნალისტია, რომელიც „Meydan TV“-ს საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 2025 წლის 16 იანვარს უკვე დაბარებული იყო ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში და ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ჟურნალისტმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„Meydan TV“-ს საქმეზე დაპატიმრებულთა სია 2024 წლის 6 დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები — რამინ დეკო (ჯაბრაილზადე), აინურ ქენბაროვა (ელგიუნეში), აისელ უმუდოვა, აითაჯ ახმედოვა (თაფდიქი), ხაიალე აღაევა და ნატიგ ჯავადლი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ კონტრაბანდაში.

ჟურნალისტი ქალები აზერბაიჯანის და საქართველოს ციხეებში

მასალების გადაბეჭდვის წესი