საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მსჯავრდადებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ.

როგორც პროკურატურა აცხადებს, გიორგი ბაჩიაშვილმა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა არ გადასცა და „მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია“.

„გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შედეგად, პროკურატურის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა მშობლების დახმარებით.

ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს კანონით დადგენილ ვადაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ დააყადაღა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშები და სხვა აქტივები. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ის ქონებაა, რომელიც „შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში”.

ყადაღა გამოიყენეს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ საქმეზე ბაჩიაშვილი დამნაშავედა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ბიძინა ივანიშვილი.

ბაჩიაშვილის საქმე: სააპელაციომ 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა