გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ მასსა და “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შორის შეხვედრა თავად ელჩის ინიციატივით გაიმართა.

მას შემდეგ, რაც  უარი მიიღო თხოვნაზე, გერმანიისგან მიღებული გადასახადები გათავისუფლებულიყო “გრანტების შესახებ” კანონისგან, ფიშერი წერს, რომ გერმანია გადახედავს სამომავლო დაფინანსების პრიორიტეტებს.

“მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ბატონ ჟორჟოლიანთან შეხვედრა ჩემი თხოვნით გაიმართა. ვთხოვე, რომ გერმანიის მთავრობისგან მიღებული თანხები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნებისგან, რადგან ისინი უკვე შეთანხმებულია გერმანიასა და საქართველოს შორის იქამდე დადებული ხელშეკრულებით.

ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვაა ჩნდება. პასუხი: არა.

გერმანიის სამომავლო დაფინანსება მცირე ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე იქნება ფოკუსირებული”, – წერს ფიშერი პლატფორმა X-ზე.

პეტერ ფიშერსა და ლევან ჟორჟოლიანს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 25 სექტემბერს გაავრცელა.

“შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება […] შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით. ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს”, – წერია “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჟორჟოლიანს ადა ფიშერს შორის საუბარი შეეხო ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროსი დაბარების ფაქტსაც.
“აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა”, – აცხადებენ “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციაში.