“ქართული ოცნების” გაფართოებული სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, კვლავაც თვლის თუ არა მამუკა მდინარაძეს მეგობრად.
მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ვიცეპრემიერის პოსტი და თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის.
კობახიძის თქმით, მდინარაძე პოლიტიკიდან წასულია, ხოლო პირად ურთიერთობებზე კითხვა/პასუხი, ჟურნალისტის საქმე არაა. თუმცა კობახიძემ დაადასტურა, რომ მას მდინარაძესთან პერიოდულად აქვს ხოლმე კომუნიკაცია.
“ნახეთ, მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ უბრალოდ, იმას მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი, იმიტომ რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, ანუ აქტუალური აღარ არის”, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო სამართლებრივი დევნის ან რაიმე სახის დასჯის შესახებ არსებულ კითხვებს უსაფუძვლო უწოდა.
„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. ვფიქრობ, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა. ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს. რა თქმა უნდა, გუნდში რა პროცესებიც წარიმართა, ამაზე იყო საუბარი, თუმცა, როდესაც ადამიანი იკავებდა მაღალ თანამდებობებს და გავიდა პოლიტიკიდან, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე საჯაროდ საუბარი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედიის წარმომადგენლებმა კობახიძის შეახსენეს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრების, კერძოდ კი დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც „ვირთხების ძებნასა“ და მათთვის პასუხის გაცემაზე იყო საუბარი. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იგულისხმებოდა თუ არა ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძე და უნდა ველოდოთ თუ არა მის წინააღმდეგ რაიმე სახის სამართლებრივ პროცესს.
კობახიძემ მსგავსი მოლოდინები კატეგორიულად გამორიცხა:
„არ ვიცი, ვინ რა ამოიკითხა. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ გეუბნებით, რომ კითხვას საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ [სამართლებრივ პროცესებს]“, — აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ დიტო სამხარაძის პოსტის შინაარსს, კობახიძემ მედიას ურჩია, განმარტებებისთვის თავად ავტორს მიმართონ.
