საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს, რომელმაც ელჩი სამინისტროში შესვლამდე ჩაწერა.
პეტერ ფიშერის თქმით, აპირებს, რომ უარყოს ის უსაფუძვლო და პროვოკაციული ბრალდებები, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მის წინააღმდეგ გამოთქვამენ.
„მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
შევალ და მოვისმენ, რას მეტყვიან. მაგრამ ასევე მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული.
ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა [TV პირველის თარგმანი].
ნეტგაზეთი დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, უწყებაში გვითხრეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
