ახალი ამბები

სკოლებში “დარღვევების აღმოსაჩენად” გენინსპექციას ვადა კვირის ბოლომდე აქვს

15 ნოემბერი, 2010 • • 1106
სკოლებში “დარღვევების აღმოსაჩენად” გენინსპექციას  ვადა კვირის ბოლომდე აქვს

,,რაღაც დარღვევა როგორ არ იქნებაო, გვითხრეს გენინსპექციის წარმომადგენლებმა’’, – ამბობს 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე. “დარღვევების აღმოსაჩენად” განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ვადა ამ კვირის ბოლომდე აქვთ.

განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები #149 სკოლაში შესამოწმებლად 12 ნოემბერს შევიდნენ. იმავე დღიდან გენინსპექცია #148 სკოლასაც ამოწმებს, რომელსაც 149–ე სკოლის დირექტორის მეუღლე ვალერიან გიორგაძე ხელმძღვანელობს.

გიორგაძეები ამბობენ, რომ გენინსპექცია მათგან ყველანაირ მასალას ითხოვს: ფინანსურს, სასწავლოს, შინაგანაწესს, ოქმებს, –  სამუშაოდ მათ ცალკე ოთახი აქვთ გამოყოფილი.

149–ე სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაია გიორგაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ იმ დილით სკოლის მანდატურმა 149-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს უთხრა, რომ მაია გიორგაძე აღარ არის სკოლის დირექტორი და მოითხოვა სამეურვეო საბჭოს შეკრება. გიორგაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს შეკრებისათვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მისი განმარტებით, საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს, თუ განათლების სამინისტრო  მიმართავს რაიმე დოკუმენტით ან თავად დირექტორი დაწერს განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ დროისათვის კი არც სამინისტროს მიუმართავს რაიმე დოკუმენტით და არც მაია გიორგაძეს მოუწერია ხელი განცხადებაზე თანამდებობის დატოვების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი