„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილს, სავარაუდოდ, აკავებენ.
როგორც კადრებში ჩანს, იგი „ფორმულას“ ეზოდან წაიყვანეს. მასთან ერთად წაიყვანეს მურთაზ ზოდელავაც.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის არ შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ, დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ დამატებით ინფორმაციას ბრიფინგზე მოგვაწვდიან.






