შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიქიშვილზე მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.
უწყების განცხადებით, პოლიცია არ დაუშვებს „სიტუაციის ხელოვნურად ესკალაციას“.
„თანამშრომლებმა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირებაა.
კახა კალაძის შტაბთან ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი ხმა თაკო ხელაძე.
როგორც თაკო ხელაძე ამბობს, მარშის მონაწილეებს კახა კალაძის შტაბთან „ტიტუშკები“ დახვდნენ.
ამ დროისთვის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან პოლიცია დგას, თუმცა მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესვრიან, რომელიც ადამიანს მოხვდა და როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან ამბობს, მათ სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
