„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღება ბრიუსელთან ურთიერთობების ესკალაციას ნიშნავს.

მისი თქმით, ორგანიზაციების ანგარიშებისთვის ყადაღის დადება მათ ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს.

„დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა. თუმცა საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაიყადაღა. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ.

ამასთან, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.
“ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით.

ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა “ქართული ოცნების” მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი“, – წერს თამთა მიქელაძე Facebook-ზე.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 27 აგვისტოს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

პროკურატურამ ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.

„საბოტაჟის“ შესახებ გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მარტში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა, მათ შორის: ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.