ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გირბულის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა 13 აგვისტოს დასრულდა.
ხვალ, 14 აგვისტოს ბრალდებულები გამოიკითხებიან. მათ წინასწარ დააანონსეს, რომ ბევრი აქვთ სათქმელი, ამიტომ მოსამართლესა და პროკურორებს სთხოვეს, სხდომისთვის რამდენიმე საათი დაეთმოთ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ბრალდებულების გამოკითხვის შემდეგ, გამოიკვლევენ დაცვის მხარის წერილობით მტკიცებულებებს, ამის შემდეგ კი საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავა. ანასტასიასა და არტიომის გამოკითხვის შემდეგ ჯერ პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას, შემდეგ – ადვოკატები. სურვილის შემთხვევაში ისინი რეპლიკების უფლებითაც ისარგებლებენ, ბოლოს იქნება ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა და განაჩენი. ადვოკატი შოთა თითბერიძე ვარაუდობს, რომ ამ საქმეზე განაჩენი 3-4 სხდომის შემდეგ გამოცხადდება.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანასტასია ზინოვკინას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი შეყვარებულები არიან. ანასტასია პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო ის სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა მობილიზაციის საფრთხე არტიომსაც შეეხო, მათ რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს.
ისინი საქართველოში 2024 წლის ზაფხულში ჩამოვიდნენ, აქედან კი სხვა ქვეყანაში აპირებდნენ გადასვლას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქიებში იღებდნენ მონაწილეობას. 28 ნოემბერს დწყებული უწყვეტი დემონსტრაციებისას რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ და ასე ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ საქართველოს პროევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეებისთვის.
ანასტასია და არტიომი 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. როგორც ჰყვებიან, პოლიციელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ დააკავეს აქციებში მონაწილეობის გამო. ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.
ამავე თემაზე:
