„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პარტიის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.

„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. დღეს მოგვივიდა წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო –ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, – განაცხადა კუპრაძემ.

მანამდე შემოსავლების სამსახურმა და ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადეს, რომ სწავლობენ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერისთვის მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით  „შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევას“, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციას და პარტიის შემოწირულებებს.

რა ხდება?

რამდენიმე დღეა, პროსამთავრობო მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცხოვრობს მამუკა ხაზარაძის მეუღლის კუთვნილ ბინაში და ვერ პოულობდნენ მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულებას. პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციის კომენტირებისას „ქართული ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია.

„როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებლისგან და, მით უმეტეს, თუ გამქირავებელი არის პოლიტიკური პარტიის ლიდერად ცნობილი და ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, ამას შეიძლება პოლიტიკური კორუფცია დავარქვათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ.

განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც, რომ „საკითხის ანალიზისას“ შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა გამოვლინდა.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ, იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება გერმანიის ელჩთან გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით, თუმცა მათ მიერვე „წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია“.

„ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ ასევე განაცხადა, რომ ხაზარაძის დეკლარაციას და პარტის შემოწირულებებს იკვლევს.

განახლება:

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, ,,ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

„აღსასრულებელ  ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს“, – აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

გერმანიის ელჩთან  ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით – ხაზარაძე

 

გერმანიის ელჩთან  ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით – ხაზარაძე