“ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად უკვე მესამედ წარადგინა კახა კალაძე.
სიტყვით გამოსვლისას კალაძემ ქალაქის ახალი სლოგანი დაასახელა და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდა.
მისივე თქმით, ამჯერად მისი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“!
“როდესაც რვა წლის წინ პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. ვცდილობდი ცხადად წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან.
დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“! ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე საუბარი”, – თქვა კალაძემ.
მანამდე “ქართული ოცნების” გვერდზე დაიდო პოსტი, ერთგვარი ანონსი, სადაც თბილისის მერობის კანდიდატზე საუბრობდნენ და შემდგომში კახა კალაძემ ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გადააზიარა.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თბილისის მერობისთვის სხვა კანდიდატურა „თეორიულადაც არ განიხილებოდა“.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. არაერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მასში მონაწილეობის მიღებაზე.
