საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, აპირებენ, „ნაციონალური მოძრაობს“ ლიდერები, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილი, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავონ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისი Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.
„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას – ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი“, – აცხადებს სააკაშვილი.
