აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთისთვის დადგენილ 50-დღიან ვადას შეამცირებს.

ტრამპის თქმით, იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით.

„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს… მაგრამ პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად, კიევში, და კლავს უამრავ ადამიანს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან, ყველგან გვამები ყრია… ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით.  ვაპირებ, ის 50 დღე, რომელიც მას მივეცი, შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება შემდეგ“, – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, რა ვადა აქვს პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად, ტრამპმა უპასუხა, რომ დღეიდან, 28 ივლისიდან, 10 ან 12 დღის ვადა აქვს.

„მე ვაპირებ [პუტინისთვის] ახალი ვადის დაწესებას, დღეიდან, დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინის საფუძველი არ არსებობს. 50 დღე იყო, მინდოდა გულუხვი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს“, – განაცხადა ტრამპმა.

14 ივლისს ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, რუსულ ენერგომატარებლებზე მეორად სანქციებს დააწესებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქცია დაუწესდება ქვეყანას, რომელიც რუსეთისგან ნავთობსა და გაზს იყიდის.