8 ივლისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს.
კერძოდ, კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლამის ჰკითხეს „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ვირჯინიის კუნძულებზე აქვთ.
კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველი პარტიის, ლეიბორისტების წევრმა ფილ ბრიკელმა დაუსვა.
„საგარეო საქმეთა მინისტრო, თქვენ დიდი ხანია იღვწით იმისთვის, რომ ლონდონი მსოფლიოს ანტიკორუფციული დედაქალაქი გახდეს. მინდა, შეგიქოთ ეს ძალისხმევა.
ამ კონტექსტში მინდა მოკლედ ვისაუბრო საქართველოზე. საქართველოში პრორუსული „ქართული ოცნების“ პარტიის წამყვანმა წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისა და ქართველი ხალხის სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის პარალელურად, სავარაუდოდ, გამოიყენეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები თავიანთი სიმდიდრის დასამალავად და ფინანსური საიდუმლოებისთვის.
ამავდროულად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავ ვერ შემოიღეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ბენეფიციარი მფლობელების რეესტრები, რაც მოჰყვა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სანქციების შესახებ კანონს… თქვენი აზრით, რა შეტყობინებას უგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?“, – ჰკითხა მინისტრს ფილ ბრიკელმა.
პასუხად დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და ვირჯინიის კუნძულებს შესაბამის შუამდგომლობებს წარუდგენს.
„ეს საშინელი გზავნილია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან ამ საკითხზე მუშაობას. ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი და სწორედ ამიტომ, მომავალ წელს ვმასპინძლობ კონფერენციას უკანონო ფინანსების შესახებ…
მე არ ვიცი საქართველოში კორუფციული საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენ მიერ წამოჭრილი საქმის დეტალების შესახებ, მაგრამ მას ყურადღებით შევისწავლი და ამ შუამდგომლობებს წარვუდგენთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს“, – განაცხადა დევიდ ლამმა.
იანვარში გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).
ორგანიზაციის ინფორმაციით, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:
- ქართუ ბანკი
- ფონდი ქართუ
- გალერეა თბილისი
- აქსის თაუერსი
- ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს.
- საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები: პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები.
- ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს.
- რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.
გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული.
გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.
