აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 10 ივლისს არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ დაბიში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის წინ აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მალე მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას.

„ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საკმაოდ მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ პრეზიდენტის კაბინეტის სხდომაზე.

ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ტექსტიც რამდენიმე თვის წინ შეჯერდა, ამ დრომდე ხელმოუწერელია.